Friday, June 20, 2014

ყვითელი ავტობუსის, "პატიმრები"

  • თუ,შეიძლება გადმომაწოდეთ ბარათი ბილეთს აგიღებთ.
  • არ მინდა,როცა ჩავალ მეთვითონ ავიღებ !
  • ახლავე უნდა აიღოთ ეს წესია ქალბატონო/ბატონო
  • არ მაინტერესებს მე ეს წესები,როცა მომინდება მაშინ ავიღებ მეთქი !
  • ალბათ ეს დიალოგი იმ ადამიანებისთვის,რომლებიც ყვითელი ავტობუსებით მგზავრობენ მშობლიური იავნანასავით ნაცნობია.
    საერთოდ,რამ გამახსენა ეს თემა ?
       რამდენიმე დღის წინ მომიწია ერთი დღე გამეტარებინა კონტროლიორის ამპლუაში და მეც გავხდი ყვითელი ავტობუსის, ყვითელი „პატიმარი“.
       ჩემი პატიმრობა“ დილის 7 საათიდან დაიწყო მაშინ,როცა ქალაქი ჯერ კიდევ ცარიელი და მშვიდია. განრიგი დიდუბე-თემქა, ავტობუსის ნომერი 94, პატიმრობის ვადა - 16 საათი.
    ჩემი მეგზური   გამოცდილი „პატიმარი“ 54 წლის ბატონი გია გახლდათ, პროფესიით არქიტექტორი, თავისუფალ დროს ხეზე მუშაობს, უყვარს ხატვა,წიგნების კითხვა და ზღვა. ჰყავს მეუღლე , 3 შვილი და დედა,რომლებიც გიას „პატიმრობით“ ირჩენენ თავს.

       ჩემი პატარა მოგზაურობის დროს შემხვდნენ წესრიგის მოყვარული მგზავრები,რომლებიც ბილეთს ამოსვლისას იღებდნენ, იყვნენ წესრიგს შეჩვეული მგზავრები,რომლებიც ბილეთს უკმაყოფილო და გაბრაზებული სახეებით იღებდნენ და იყვნენ მგზავრები,რომლებიც....
      ალბათ ადამიანები ზედმეტად ქედმაღლები ვართ იმისთვის,რომ ჩვენით ავიღოთ ბილეთი ან დავიცვათ ელემენტარული წესრიგი. მგზავრები,რომლებიც ცარიელ ავტობუსში კონტროლიორს თხოვენ ბილეთის აღებას,რომელიც რამდენიმე საათი ფეხზე იდგა მიუხედავად იმისა,რომ ამოსვლისას მგზავრმა სალარო აპარატს გვერდზე ჩაუარა.
    ეტყობა ასეთია ადამიანის ბუნება,ხომ უნდა აგრძნობინო ყვითელი ავტობუსის,ყვითელ „პატიმარს“,რომ ის მართლაც პატიმარია,რომ შენ შეგიძლია გააკეთებინო ის,რაც შენ გინდა , ის ხომ პატიმარია.. ის არ უნდა დაიღალოს,არ უნდა ეწყინოს,არ უნდა დაეზაროს აქ შენ ხარ მთავარი იმიტომ,რომ იღებ 50 თეთრიან ბილეთს.
       ამ დროის განმავლობაში ჩემ გამოცდილ „პატიმარ“ გიას მარჯვენა ხელის,საჩვენებელი თითი სულ შეხვეული ჰქონდა. ვიფიქრე,სადმე დაიზიანა თქო,მაგრამ როცა ავტობუსი ბოლო გაჩერებას მიუახლოვდა და ხალხისგან დაიცალა თითიდან ბინტი მოიძრო. თითზე არაფერი არ სჭირდა მხოლოდ შრამი ჰქონდა დარჩენილი,როცა ვკითხე რატომ ქონდა თითი შეხვეული ჩაეცინა, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ მიპასუხა : ხეზე ვმუშაობდი,რომ დამატებით შემოსავალი მქონოდა და შემთხვევით დავიზიანე. იმის გამო,რომ არ წავსულვარ ექმთან ჭრილობა ცუდად შეხორცდა და არ არის ლამაზი დასანახი. ამ პასუხის,შემდეგ ჩემ გაკვირვებულ სახეზე მიხვდა,რომ ვერ გავიგე მიზეზი და გააგრძელა..
       თავიდან ჩვეულებრივად დავდიოდი ერთხელ ერთმა მგაზვრა მითხრა : „ეს კონტროლიორები ისედაც გავწუხებთ და სულს გვიხუთავთ და ეხლა შენ მახინჯ თითსაც ნუ გვაყურებინებო“. ხოდა ავდექი და ვმალავ ამ თითს,როგორც შემიძლია. არ მინდა ზედმეტი აგრესია გამოვიწვიო ან ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა ამით,ისედაც იმდენი აგრესიის და ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა მიწევს, არადა არ მიყვარს კონფლლიქტები.ძნელია,ძალიან ძნელია ადამიანებთან მუშაობა ,მაგრამ ადამიანებიც,რომ აღარ არიან.. ეს თქვა და ღრმად მოქაჩა სიგარეტი..
       როცა ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მივედით,სადაც რამდენიმე წუთში ყველაფერი ყვითელი გახდა. „პატიმრებმა“ გაიხადეს ფორმები,რომლებიც იმის ნიშანია,რომ ისინი  ადამიანები კი არა ,არამედ უგრძნობი ყვითელი არსებები არიან. ფორმების გახდის,შემდეგ „პატიმრები“ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები,ჩვეულებრივი პრობლემებით. უცებ ყველა რეკავს სადღაც და ისმის ხმები : დაიძინა ბავშვმა ? რა წამოვიღო საღამოს ? არ დაგავიწყდეს ბავშვის სკოლიდან გამოყვანა. ქალბატონი „პატიმრები“ კი ტელეფონით აკეთებენ საჭმელს შვილებისთვის, ტელფონით აჭმევენ,ალაგებენ,რეცხავენ,აუთოებენ და „პატიმრობაში“ დაბრუნებამდე შვილებს თბილად მოიკითხავენ და პირდებიან,რომ დღეს ადრე მივლენ სახლში,თვითონაც იციან,რომ ვერ მივლენ და ალბათ ყურმილს იქით მჯდომი პატარაც შეგუებულია,რომ დედა სახლიდან გადის,როცა დედამიწას ჯერ კიდევ სძინავს და ბრუნდება,როცა დედამიწას ისევ სძინავს.
       გიაც მეუღლეს ურეკავს მის უმცროს შვილს სიცხე აქვს დეტალურად გამოკითხა რა სჭირდა ბავშვს,რამდენი ქონდა სიცხე,ახლა რას აკეთებს და რა წამოუღოს ? .
    ოჯახის წევრებთან ყოფითი პრობლემების,შემდეგ კონტროლიორები იწყებენ ერთამენთში ლაპარაკს ყვებიან როგორ ჩაიარა დღემ,ვის რა გადახდა ან არ გახადა თან „მედიკოს“ ჯიხურისკენ აქვთ თვალი,სადაც მათთვის ყავა მზადდება.
    ამ დიალოგიში უამრავ საინტერესო ისტორიას გაიგებ, სახალისოს და დამამცირებელს.ვიღაცას მგზავრმა შეაგინა,ვიღაცას დაარტყა,ვიღაცა დაწყევლა,ვიღაცას ყვავილიც კი აჩუქეს. გიას ხუმრობით დასცინიან შენი თითით კიდევ ხომ არ შეგიშინებია ვინმეო ?
      „მედიკოს“ ჯიხურიდან ისმის ხმა ყავა მზადაა და ყველანი ყავისკენ წავედით. დალიეს ყავა იქაც გააგრძელეს საუბარი. უკვე შუა დღის 4 საათია მე უკვე აღარ,შემიძლია „პატიმრობა“ გია მეკითხება ხომ არ დაიღალეო,მაგრამ თვითონვე გასცა თავის შეკითხვას პასუხი სახეზე გეტყობა არ მიპასუხოო.

       დამთავრდა შესვენება ჩაიცვეს ადამიანებმა „პატიმრის“ ფორმები და ჩაჯდნენ ყვითელ „საკანებში“. მე დიდუბეში ჩამოვედი დამშვიდობებისას გიამ „საკნიდან“ ხელი დამიქნია და მითხრა „როცა კონტროლიორებზე გაბრაზდები გაიხსენე დღევანდელი დღე“.

No comments:

Post a Comment