Saturday, June 21, 2014

მაიკლ ჯექსონის ექიმი დამნაშავედ ცნეს


ლოს-ანჯელესის სასამართლში ექვსკვირიანი მოსმენა დაასრულდა – მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი, მომღერლის არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად ცნეს.
ბრალდების თანახმად, კონრად მიურეიმ მომღერალს, რომელსაც უძილობა აწუხებდა, დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებელი და პრეპარატი პროპოფილის ისეთი დოზა მისცა, რომელიც ნებადართული მხოლოდ ოპერაციების დროსაა.
ამას გარდა, ექიმმა არ გაითვალისწინა შესაძლო გევრდითი მოვლენები – პროპოფილი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაში რომ შევიდოდა, რომელიც ჯექსონს უკვე მიღებული ჰქონდა. ასევე, ბრალმდებელი მხარე თვლის, რომ ექიმმა ჯექსონი საძინებელ ოთახში მარტო დატოვა, მას შემდეგ რაც პროპოფილი მიაწოდა. თუმცა, იგი ვალდებული იყო მომღერალთან დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა.
მიურეის განცხადებით, მან მომღეალს მხოლოდ ერთხელ მისცა პროპოფილის მცირე დოზა, თუმცა, ოთახში დარჩენილმა ჯექსონმა დამატებითი დოზა თვითონ მიიღო.
სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ, მიურეის ხელბორკილები დაადეს და დარბაზიდან გაიყვანეს. ჯექსონის ნათესავები პროცესს ესწრებოდნენ. მომღერლის დედამ, ქეთრინ ჯექსონმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა თავს უკეთესად გრძნობს. პოპ-მუსიკოსის თაყვანისმცემლები სასამართლოს შენობასთან იყვნენ შეკრებილნი და ვერდიქტს სიხარულის შეძახილებით შეხვდნენ. მიურეის ადვოკატმა, ედ ჩერნოფმა, განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესის განმავლობაში, მრავალი სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. ნაჩვენები იყო ჯექსონის უკანასკნელი ფოტოსურათები, ასევე, მიურეის ტელეფონით გაკეთებული ჩანაწერი, თუ როგორ გეგმავს პოპ-შემსრულებელი კონცერტებს. ВВС აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერზე ნათლად ჩან ჯექსონი თავს ისედაც ცუდად გრძნობდა და ექიმს დამატებითი დოზა არ უნდა მიეცა, ხოლო როდესაც ჯექსონი უგონო მდგომარეობაში იპოვა, სასრაფო დახმარებას მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოუხმო. ასევე, ექიმებს არ უთხრა, რომ მისმა პაციენტმა, ცოტა ხნის წინ, პროპოფილი მიიღო.
მიურეი საბოლოო განაჩენს 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე გაიგებს. მას, სავარაუდოდ, ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა და სამედიცინო ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.


შეგახსენებთ, მაიკლ ჯექსონი 25 ივნისს, 50 წლის ასაკში, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული დოზა პროპოფილი და საძილე საშუალებები აღმოჩნდა.


წყარო: palitra.ge

No comments:

Post a Comment