Friday, June 20, 2014

აუტიზმი: სტატუსით და სტატუსის გარეშე

2 აპრილს მსოფლიო “აუტიზმის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა. საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.  რა პროგრამებსა თუ სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო რეაბილიტაციისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობის  მქონე ბავშვებს? რამდენად ეფექტურია ეს სერვისები საიმისოდ, რომ რეაბილიტაციის პროცესი სრულყოფილად წარიმართოს? პრობლემებზე საუბრისას ბავშვების მშობლები, ყველაზე მნიშვნელოვნად სტატუსის საკითხს ასახელებენ, კერძოდ იმას, რომ შშმ ბავშვები ჯგუფებად არ იყოფიან, ერთი სტატუსის ქვეშ ერთიანდებიან, რაც მშობლების თქმით,  ბავშვებისათვის საჭირო სპეციფიკური სერვისების მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.

აუტიზმი -  ადრეული განვითარების დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობის დამყარება. აქვს მეტყველების, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა. სპეციალისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ  აუტიზმისათვის დამახასიათებელი მთავარი პრობლემები ქცევას და მეტყველებას უკავშირდება, ის გონებრივ ჩამორჩენილობას არ ნიშნავს, დროული და ინტენსიური რეაბილიტაცია ბავშვებში დამოუკიდებლად ცხოვრების უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს. 
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის მხოლოდ სადიაგნოსტიკო მომსახურეობაა გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის სოფო მორგოშიას თქმით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ქვეკომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლასა და დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება, განვითარების ზოგადი აშლილობა. კომპონენტი ითვალისწინებს ნეიროგანვითარებითი ფსიქიატრიული გუნდის მომსახურებას, კლინიკოლაბორატორიულ გამოკვლევებსა და სპეციალისტების კონსულტაციებს. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შპს „ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრია”.
 „საქართველოს აუტიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელს, სოფო კერესელიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის კარგად დაგეგმილი, გააზრებული და გაანალიზებული სერვისების მიწოდება. ასოციაცია 2010 წელს ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. ეს სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებაა, სადაც სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური ინტერვენცია ხდება.
სტატუსთან დაკავშირებით ამავე აზრს იზიარებენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებიც. მათი განმარტებით, კონკრეტული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, გაიწერებოდა შესაბამისი სერვისები, რაც გაცილებით უფრო მორგებული იქნებოდა აუტისტი ბავშვების საჭიროებებზე, შესაბამისად მათ ოჯახებს მეტი შეღავათი გაუკეთდებოდათ. „სახელმწიფომ საპენსიო სტატუსი დაავადების თანმხლები ნიშნების, მაგალითად, ქცევითი აშლილობის, მეტყველების პრობლემის და ა. შ. გამო მოგვანიჭა. შესაბამისად არ არსებობს კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კონკრეტულად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის გამოყოფდა მათზე მორგებულ სერვისებს“,აღნიშნავს რესპონდენტი.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის უკეთესი სერვისების მიწოდების მიზნით „საქართველოს აუტისტთა ასიციაციაში“ კვლევა ჩაატარეს. სოფო კერესელიძის თქმით, კვლევა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს  მოიცავს. გააანალიზეს ყველა ის პროგრამა, რომლებშიც მოიაზრებიან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და დათვალეს წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხის რაოდენობა, - „ორი ქვეპროგრამა მოქმედებს, რომელშიც მოიაზრებიან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, ერთი არის ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, მეორე – დღის ცენტრების ქვეპროგრამა. დავთვალეთ მათი მთლიანი ბიუჯეტი,  შევქმენით ჩვენი ქვეპროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება სპეციფიკურ საჭიროებებზე. შემდეგ ვნახეთ რა შესაბამისობაშია გამოყოფილი თანხები იმასთან, რასაც ეს მინიმალური სერვისები ითვალისწინებს. აღმოჩნდა, რომ ამ სერვისების თანადაფინანსება სახელმწიფოს  73%-ით შეუძლია. გამოდის, რომ  ყოველგვარი ზედმეტი თანხის გადმორიცხვის გარეშე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ქვეპროგრამა, რომელიც დაუფარავს ამ ბავშვებს სპეციფიკური მომსახურების 73%–ს, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მშობლებისათვის“,- განმარტავს სოფო კერესელიძე.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროს ამირან დათეშიძესთვის - „ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესიონალების მონაწილეობით სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა, პროფესიონალების ნაწილი წინააღმდეგ წავიდა.“
ამირან დათეშიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის სპეციფიკური სერვისები, რადგან  ჯგუფების გამოყოფა და მათთვის ცალკე სტატუსის მინიჭება თავის დროზე ვერ მოხერხდა. მისი თქმით, სამინისტროში დაწყებულია მუშაობა ზოგადად სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირებაზე. 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება, ჩადებულია ამოცანა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მოხდეს მოდელის შემუშავება და პილოტირების დაწყება. სამოქმედო გეგმაში კონკრეტულად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის სპეციფიკური სერვისების შექმნა გათვალისწინებული არ არის, მაგრამ დათეშიძის განმარტებით, თუ მათი შექმნა გადაწყდება, შესაძლებელი გახდება სამოქმედო გეგმაში მათი მოგვიანებით ჩასმა. 

No comments:

Post a Comment