Saturday, June 21, 2014

როცა სიცოცხლე აღარ გახარებს

დეპრესია

     დროდადრო უგუნებოდ ყოფნა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ როცა სიცარიელისა და იმედგაცრუების განცდა ერთიანად მოიცავს ადამიანს და უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, ეს უკვე შეიძლება დეპრესია იყოს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გვართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს. დეპრესიული ადამიანი მუდამ დაქანცულია. მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო უნუგეშო ხდება. ძველ გატაცებებსა და მეგობრებს სიხარული აღარ მოაქვთ.
მართალია, უიმედობა დეპრესიის ნაწილია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თვით მდგომარეობა უიმედო არ არის. დღევანდელ მედიცინას მოეპოვება მკურნალობის არაერთი მეთოდი, რომლებიც ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას.

დავიწყოთ იქიდან, რა არის დეპრესია. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე  გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს  ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში.

არსებობს დეპრესიის ორი ტიპი – ენდოგენური და ეგზოგენური დეპრესია.

ეგზოგენური დეპრესიით ადამიანი სხვადასხვა გარე ფაქტორით ავადდება. ეს გარე ფაქტორი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, რაიმე უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება და იწვევს მუდმივ დაძაბულობასა და გუნება–განწყობის დაქვეითებას.
     რაც შეეხება ენდოგენურ დეპრესიას, მისი ცალსახად გამომწვევი მიზეზის პოვნა ვერც ექიმების და ვერც პაციენტის მხრიდან ვერ ხერხდება. ამ დროს კონკრეტულ ასაკში დეპრესიის განვითარებას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ.
         განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქცია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივისმათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.

როგორი სიმპტომებითაც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიცდეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს დამალოს იგი, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.
როგორ ამოვიცნოთ
დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
- ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს.
- მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს წონა: მოიკლოს ან მოიმატოს 5%-ით და უფრო მეტად 1 თვის განმავლობაში.
- ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებითდილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, .. ჰიპერსომნია.
- აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი.
- დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს პაციენტი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა.

რა იწვევს


 დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ გააჩნია. მის აღმოცენებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ფიქრობენ, რომ დეპრესიის დროს ადამიანის ტვინში განსაზღვვრული ცვლილებები ხდება. მაგალითად, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების) კონცენტრაცია. გასათვალისწინებელია ჰორმონული ცვლილებებიც: ჰიპოთირეოზი, მენოპაუზა და სხვა. განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე მემკვიდრეობით ფაქტორს, ვინაიდან დეპრესია უფრო მეტად ისეთ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე დაავადებით იტანჯებიან. დეპრესიის განვითარება მოსალოდნელია მაშინაც, თუ პოტენციური პაციენტის ბიოლოგიურ ნათესავს სუიციდის მცდელობა ჰქონია. მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელსაც შესაძლოა მიუძღოდეს ბრალი დეპრესიის განვითარებაში. ბუნებრივია, დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, უკურნებელი დაავადების დიაგნოზი და სხვა. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი (ძალადობა, მშობლის დაკარგვა) პერმანენტულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც მომავალში პირს დეპრესიისადმი განაწყობს. ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ასევე მეგობრების სიმცირე, ურთიერთობების სიღარიბე. გასათვალისწინებელია პიროვნების ისეთი ხასიათობრივი თავისებურებებიც, როგორიც არის დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და სხვა. დეპრესიის გამო ზოგიერთი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიმართავს. ხდება პირიქითაცალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო ხშირად აღმოცენდება დეპრესია. დაბოლოს, ზოგიერთი პრეპარატი (არტერიული წნევის დამწევი, საძილე საშუალებები და სხვა) შესაძლოა ხელს უწყობდეს დეპრესიის განვითარებას.
დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმთავრესად 20 წელს გადაცილებულებს ემართებათ. ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა ნაწილობრივ ეს შესაძლოა იმიტომაც ჩანდეს ასე, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ადვილად გამოხატავენ გრძნობებს და ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის.
საზეპირო
დეპრესია უბრალო უგუნებობა არ არის, ის ქრონიკული და მორეციდივე (განმეორებადი) დაავადებაა, საიდანაც გამოსავალი ექიმის დახმარებით უნდა ეძებოთ

განსაკუთრებული ყურადღება მოზარდებს

დეპრესია თინეიჯერის ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ამ ასაკში ის განსაკუთრებით სერიოზული დაავადებაა. მოზარდების დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება პრობლემებიმათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული. ზოგჯერ ყალიბდება ისეთი გაუკუღმართებული მდგომარეობა, როგორიც არის საკუთარი თავის სიძულვილი. ამ დროს მოზარდი იჩენს ძალადობას საკუთარი თავის მიმართ ან მიმართავს სუიციდს.
საბედნიეროდ, თინეიჯერების დეპრესია იკურნება. უფრო მეტიც: თუ თქვენ ბრძანდებით დეპრესიით შეპყრობილი მოზარდის მშობელი, მასწავლებელი ან მეგობარი, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ. შეისწავლეთ დეპრესიის სიმპტომები და თუ ისინი შეატყვეთ მოზარდს, გამოსავალი ეძებეთ.


ვებრძვით დეპრესიას

დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდი ეფექტურია, ხოლო მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი საუკეთესოა.
ანტიდეპრესიული პრეპარატი ბევრია. მათ რამდენიმე ჯგუფად ყოფენ. მოკლედ მიმოვიხილავთ ზოგიერთ მათგანს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. მრავალი ექიმი სწორედ ამ ანტიდეპრესანტებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ისინი სხვებთან შედარებით უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლებად აქვს გამოხატული. ეს პრეპარატები მრავალგვარი დასახელებით გამოდის, თუმცა მათი მოქმედი ნივთიერება სულ რამდენიმეა. ესენია: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ციტალოპრამი და ესციტალოპრამი. მკურნალობის დროს აღმოცენებული გვერდითი მოვლენები დროებითია, ისინი მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს და მერე თანდათანობით გაივლის. მათ მიეკუთვნება საჭმლის მონელების დარღვევა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი, უძილობა და სხვა. დეპრესიის მექანიზმებს შორის განიხილება თავის ტვინში სეროტონინის უკმარისობის მექანიზმიც. ამ ჯგუფის პრეპარატები ზრდის თავის ტვინში სეროტონინის კონცენტრაციას, რაც  განწყობილების ამაღლებას უზრუნველყოფს. სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ზემოხსენებული ჯგუფისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სეროტონინის კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას, ეს პრეპარატები მოქმედებს ორ სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერზე: სეროტონინსა და ნორეპინეფრინზე (ნორადრენალინზე). მათ მიეკუთვნება ვენლაფაქსინი. ამ ჯგუფის პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი და გვერდითი მოვლენები სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებისას ჰგავს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ეს ჯგუფი გაცილებით ძველია, ვიდრე პირველი ორი, თუმცა ეფექტურობით ახალ ანტიდეპრესიულ პრეპარატებს არ ჩამოუვარდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი და სხვა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს მრავალი გვერდითი მოვლენა აქვს, რასაც ზოგჯერ პაციენტი ვერ ეგუება. ამიტომ არის, რომ ხშირად ექიმები დეპრესიის მკურნალობას ამ ჯგუფის პრეპარატებით არ იწყებენ. მათ უმთავრესად მაშინ იყენებენ, როცა ზემომოხსენებული ჯგუფის პრეპარატები უეფექტო აღმოჩნდება. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენებია არტერიული წნევის დაქვეითება, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, ყაბზობა, შარდის შეკავება, გულის ფრიალი, გაბრუება და სხვა. ხანდაზმულებს შესაძლოა განუვითარდეთ მეხსიერების დარღვევა და ჰალუცინაციებიც კი. ცნობილია ასევე, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები წონის მატებას იწვევს.
ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სხვა ჯგუფის მედიკამენტებიცმასტიმულირებელი, სედაციური, ანტიფსიქოზური... ყოველი ადამიანი ინდივიდია, რის გამოც ამა თუ იმ პაციენტისთვის სწორი მკურნალობის შერჩევას შესაძლოა განსაზღვრული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს. აღსანიშნავია ასევე, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატების მოქმედების შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ (3-დან 8 კვირამდე) ხდება თვალსაჩინო. ამდენად, მკურნალობის შეწყვეტა ექიმის მიერ მითითებულ ვადაზე ადრე არასასურველია. გვერდითი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, დაუკავშირდით ექიმს და აცნობეთ მას ამ გვერდითი მოვლენების შესახებ. შესაძლოა, პრეპარატის შეწყვეტა სულაც არ იყოს საჭირო და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად დოზის კორექციაც საკმარისი აღმოჩნდეს. გახსოვდეთ ისიც, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატი ერთბაშად არ უნდა მოიხსნას. ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მოხსნის სინდრომი. ანტიდეპრესიული პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და მიღება ამგვარად შეწყდეს.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები შეჩვევას? ტრანკვილიზატორები  (დიაზეპამი, ფენაზეპამი, ბრომაზეპამი, ალპრაზოლამი) ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში მართლაც იწვევს შეჩვევას, რის შემდეგაც პრეპარატის მოხსნა ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, მოსახლეობაში ეს ცოდნა განზოგადდა ანტიდეპრესიულ პრეპარატებზეც და პაციენტების გარკვეული ნაწილი მიჩვევის შიშით ანტიდეპრესანტების მიღებაზე უარს ამბობს. ტრანკვილიზატორები და ანტიდეპრესანტები სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია. ანტიდეპრესიული ჯგუფის პრეპარატების მოხსნის სინდრომი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ტრანკვილიზატორებისა, ხოლო დოზების თანდათანობითი შემცირების შემთხვევაში საფრთხე უმეტესად არც კი არსებობს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრანკვილიზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მოკლე ხნით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ანტიდეპრესიული პრეპარატების გამოყენება დიდი ხნის განმავლობაშიც შეიძლება.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები სუიციდური ფიქრების პროვოცირებას? ეს საფრთხე მართლაც არსებობს, უმთავრესადმოზარდებში, რომელთა შორისაც სუიციდური ფიქრები ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც ყველაზე მეტად არის გავრცელებული (იხ. თავიმოზარდების დეპრესია”). გარდა პაციენტის ასაკისა, საფრთხის ზომა დამოკიდებულია დეპრესიის სიმძიმეზეც. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიების შემთხვევაში ანტიდეპრესიული მკურნალობის ფონზე სუიციდური ფიქრები, ჩვეულებრივ, არ აღმოცენება. ცნობილია ასევე, რომ ეს გვერდითი მოვლენა მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს, ხოლო მოგვიანებით უკუვითარდება. ამდენად, თუ ახალგაზრდა პაციენტს აქვს მძიმე დეპრესია, მკურნალობის დასაწყისში მისმა ახლობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რა გავლენას ახდენს მასზე მკურნალობა, ხომ არ შეინიშნება უკურეაქცია და მდგომარეობის გაუარესება: გაღიზიანებადობა, აგზნებულობა, უძილობა. თუ მკურნალობის დასაწყისში ასეთი სიმპტომები შეამჩნიეთ, დროულად დაუკავშირდით ექიმს. ამ რჩევების წაკითხვის შემდეგ ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნუ იფიქრებთ, რომ ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან შეჭიდება მეტისმეტად რთული ყოფილა. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს რეკომენდაციები იმისთვის მოგეცათ, რომ გაითვალისწინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის ყოველი მითითება და გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლად, თქვენი ინიციატივით, მკურნალობაში ცვლილებები არ უნდა შეიტანოთ.

No comments:

Post a Comment