Friday, June 20, 2014

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე"!

ძველი თბილი
ი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.
თბილისის შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს:


ერთხელ ვახტანგ გორგასალი უამრავი თანმხლებით თბილისის მიდამოებში ნადირობდა, ეს სანახები მაშინ ტყით ყოფილა დაფარული. მონადირეთა მწევრებმა ხოხობი ააფრინეს, ხოხობს ვახტანგის მიმინო გამოედევნა. მონადირენი კვალდაკვალ მიჰყვნენ და ბოლოს მიადგნენ ადგილს, სადაც ცხელი წყარო მოჩუხჩუხებდა. იქ მათ უცნაური სანახაობა დახვდათ – ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილიყო და ჩაფუფქულიყვნენ. მეფეს მოახსენეს, ამ თბილ წყალს სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩანს, მეფემ ბევრი აღარ დააყოვნა, ეს ადგილი მოეწონა, ქალაქის აშენება იწყო და აქ არსებული თბილი წყლების გამო ახლადაშენებულ ქალაქს თბილისი უწოდა. ვახტანგ გორგასალს სურდა, საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოეტანა, მაგრამ თავად ამ მოვლენას ვერ მოესწრო, რადგან 502 წელს სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. მამის დაწყებული საქმე მისმა შვილმა დაჩიმ დაამთავრა. ვახტანგის ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი მოგვითხრობს: „…ამან დაჩი მეფემან… შემდგომად სიკვდილისა ვახტანგისა… განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ“.

ამიერიდან თბილისი უფრო და უფრო წინაურდებოდა და უკან იტოვებდა სხვა ქალაქებს, მათ შორის, მცხეთასაც. მალე თბილისმა სახელი გაითქვა, როგორც ქართლის დედაქალაქმა. VI საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე პირდაპირ მიუთითებს, „იბერთა დედაქალაქი თბილისი არისო“.
თავდაპირველად თბილისი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: კალა და თბილისი. შემდეგში მესამე უბანიც მიემატა – ისანი. ისანი ეწოდებოდა დღევანდელი მეტეხის ციხის უბანს, კალა – სიონისა და ნარიყალას მიდამოს, ხოლო თბილისი – აბანოების უბანს.

თბილისი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ხალხის ისტორიასთან. აქ წყდებოდა ქართველის ბედი, აქ ყველაზე მძლავრად იგრძნობოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, თბილისსაც მრავალი განსაცდელი დატყდომია თავს. არაერთგზის აოხრებულა, მიტაცებულა და დანგრეულა, მაგრამ კვლავ აღმდგარა და გაძლიერებულა.

ჩვენი საყვარელი დედაქალაქი თბილისი მსოფლიო ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია. იგი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული. აღმოსავლეთით მახათას მთა, სამხრეთით სოლოლაკის მთა, დასავლეთით მთაწმინდა თბილისის ბუნებრივ თავდაცვით სიმაგრეს ქმნიდა. მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე იყო შედარებით გაშლილი. არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ აქ დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. ამ ადგილზე მიემართებოდა სავაჭრო-სანაოსნო და საქარავნო გზები.



No comments:

Post a Comment