Friday, June 20, 2014

რჩევები სოლარიუმთან დაკავშირებით


მზის აბაზანების გვერდით ადგილი სოლარიუმებმა დაიკავეს. მას არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც სტუმრობენ. ულტრაიისფერი სხივების საშიშროების შესახებ ბევრს სმენია. არის თუ არა სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისთვის სოლარიუმის დახმარებით გარუჯვა? რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სოლარიუმში ხშირად სტუმრობამ? რას გვირჩევენ დერმატოლოგები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თქვენთვის ხატია ქირიამ იმუშავა.
21 წლის ლიკა უკვე 2 წელზე მეტია სოლარიუმის ხშირი მომხმარებელია. ამასთან ერთად,ლიკა მზის აბაზანებიტაც ირუჯება, თუმცა ფიქრობს, რომ სოლარიუმი უფრო ეფექტური და კომფორტულია, რადგან სულ რამდენიმე წუთია საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად.
„ოჯახიდან მაქვს წინააღმდეგობა, რომ ის არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იმდენად მიყვარს რუჯი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი უარყოფითი  ფაქტები, რაც სოლარიუმმა გამოიწვია, მაინც ვერ ვეშვები.“
მიუხედავად იმისა, რომ ლიკამ სოლარიუმში პირველად სტუმრობისას დროის გადამეტების გამო დამწვრობა მიიღო, მაინც არ აპირებს შეწყვიტოს სოლარიუმით გარუჯვა. დამწვრობისგან დასაღწევად, აკრძალულია 25 წუთზე მეტ ხანს სოლარიუმში ყოფნა.
თბილისის ერთ-ერთი სალონის მფლობელი, გიორგი სუჯაშვილი, სოლარიუმის მომხმარებლების ნაკლებობას არ უჩივის და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს გამოჰყოფს.
„ქალბატონია, რომელსაც ჭკუა ეკეტება და 25 წუთი რჩება სოლარიუმში. ფაქტიურად, წელიწადის 12 თვე არის სულ გარუჯული.“
გიროგი თავის კლიენტებს სოლარიუმში შესვლამდე რამდენიმე შეკითხვას უსვამს, მათ შორის, მრავალხალიანობის ან რაიმე დაავადების შესახებ. სოლარიუმის მოხმარება სასურველია 18 წლის ზემოთ. სალონის თანამშრომლები კლიენტებს მათი კანის სტრუქტურიდან გამომდინარე უნაწილებენ დროს. სოლარიუმის მომხმარებლის ასაკი 20-დან 50 წლამდე მერყეობს. ვისაც სურს უსაფრთხოდ გაირუჯოს, უნდა დაადგინოს, რამდენად ხშირად იცვლება სოლარიუმის ნათურები, რომელი ქვეყნისაა, შეიცავს თუ არა D  ვიტამინს.
„ინტერნეტი არის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი, სადაც შეიძლება ელემენტარული დასახელებაც კი ჩაწერო და დაგუგლო.“
სოლარიუმის მოხმარების წინააღმდეგი არც ექიმები არიან. თუმცა ზომიერებას გვირჩევენ. დერმატოლოგი, მარინა ინოზემცევას განცხადებით, არის შემთხვევები, როცა პაციენტები არასწორად გარუჯვის გამო ხშირად მეორადი დერმატიტის პრობლემით აკითხავენ. ძალიან თეთრი კანის მქონე ადამიანები ვერ იტანენ მზის სხივებს. კანის ფერთან ერთად, საყურადღებოა მრავალხალიანობა, რადგან ასეთ შემთხვევაში სოლარიუმი ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადების წარმოქმნას. ამიტომ ხალიანები უნდა უფრთხილდნენ ზედმეტ გარუჯვას. კატეგორიულად აკრძალულია სოლარიუმუ ფეხმძიმეთათვის, რადგან ღრმად გამავალმა სხივმა ნაყოფზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. მარინა ინოზემცევა სოლარიუმისა და მზის აბაზანების განსხვავებაზე საუბრობს.
„მზის სხივი ისეთი საზიანო არ არის, რადგან ის ისეთი სიძლიერის არ არის და სოლარიუმის სხივი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ერთ საათში ადამიანი იღებს ისეთ რუჯს, რომელსაც ჩვეულებრივი მზის სხივი უნდება ათი დღე.“
მარინა ინოზემცევას თქმით, ზამთარ-ზაფხულ გარუჯვა არ შეიძლება. ეს იწვევს კანის გამოშრობას და დაბერებას. მზის აბაზანების მიღება სასურველია დილიდან მაქსიმუმ 12 საათამდე და საღამოს 5 საათიდან. მზისგან დამწვრობის დროს, პირველადი დახმარებისთვის დერმატოლოგს უნდა მიმართოთ ან წაისვათ დამცავი მალამო. ექიმი დერმატოლოგი ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გარუჯვა სასურველი არ არის.
„როცა არის რაქიტული ან სუსტი ბავშვი, მაშინ ვნიშნავთ ძალიან მცირე დოზით მზის სხივებს.“
თბილის გამოკითხული ადამიანები უპორატესობას მზის აბაზანებს ანიჭებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ყოფილან სოლარიუმის სტუმრები. ისინი ფიქრობენ, რომ ბუნებრივი გზით გარუჯვა უფრო სასარგებლო და ლამაზია, ვიდრე სოლარიუმით.
„მზე უფრო ბუნებრივი და მისაღებია ადამიანისთვის, სოლარიუმი კი რაც არ უნდა კარგი იყოს და ხარისხიანი არ არის სხეულისათვის მიზანშეწონილი.“  „ჩემი კანი არ იღებს მაინცდამაინც კარგად მზის სხივებს, თუმცა გამიგია, რომ სოლარიუმი ააქტიურებს კიბოს უჯრედებს და იწვევს მელანომას.“ „ვიცი, რომ მზის რადიაცია ძალიან ცუდია და აქედან გამომდინარე არასოდეს ვირუჯები.“
                                                                                                                      

No comments:

Post a Comment