Friday, June 20, 2014

ბონი და კლაიდი

imageისტორიაში ყველაზე კრიმინალური, რომანტიკული და ავანტიურული წყვილის-ბონისა და კლაიდის შესახებ ალბათ ყველა თქვენგანს სმენია. ისენი იყვნენ ამერიკელი ყაჩაღები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ებრძოდნენ სისტემას და ამ საბაბით დიდი დეპრესიის პერიოდში უამრავ დანაშაულს სჩადიოდნენ.



imageბონი დაიბადა ქვისმთლელის და მკერავის ღარიბ ოჯახში, რომელთაც ბონის გაჩენამდე სამი შვილი ჰყავდათ, კლაიდი კი-ღარიბი ფერმერის ოჯახის მეშვიდე შვილი იყო. ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, უყვარდა კოხტად ჩაცმა, წერდა ლექსებს, კლაიდი კი განათლებით არასოდეს გამოირჩეოდა. მათ ცხოვრებაში ყველაფერი ძალზე სწრაფად და სპონტანურად მოხდა:
ბონი 15 წლის იყო, როცა სწავლა მიატოვა, 16 წლის გათხოვდა, 17 წლისამ ოფიციანტად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ქმარს გაშორდა, 22 წლის კლაიდს შეხვდა და აქედან დაიწყო ყველაფერი…
imageკლაიდი 17 წლის იყო, როცა მანქანა გაიტაცა, რის გამოც დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლისთანავე ინდაურები მოიპარა და ისევ დააპატიმრეს, ხოლო 20 წლის ასაკში ინტენსიურად დაიწყო სეიფების გატეხვა, მაღაზიების გაძარცვა და მანქანების გატაცება, რის გამოც 21 წლის ასაკში ისევ ციხეში მოხვდა. ის ციხეში გააუპატიურეს, კლაიდმა მოძალადე მოკლა და ციხეში გამეფებული საშინელი რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად ფეხზე ორი თითი მოიჭრა. ციხეში ბონი საბოლოოდ “მომწიფდა”- ის ჩამოყალიბდა სასტიკ დამნაშავედ და ცივსისხლიან მკვლელად.
 კლაიდის და მერი შემდეგში იხსენებდა:”მე არ ვიცი, რა მოხდა ციხეში, მაგრამ იქედან გამოსვლის შემდეგ კლაიდი აღარასოდეს არ ყოფილა ისეთი, როგორიც იყო მანამდე”; ხოლო რალფ ფუსლი, რომელიც კლაიდთან ერთად იხდიდა სასჯელს ციხეში, ამბობდა, რომ მის თვალწინ კლაიდი სკოლის მოსწავლიდან მახრჩობელა გველად იქცა.
image 23 წლის ასაკში კლაიდი ამნისტიით გაათავისუფლეს, ის ბონის შეხვდა და აქედან დაიწყო ყველაფერი…
 ამ დროიდან მათ მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი. ამ 2 წელიწადში მათ უნდა მოესწროთ გამხდარიყვნენ ცივსისხლიანი მკვლელები, რომანტიკული შეყვარებულები და მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კრიმინალური წყვილი, რომელზეც წლების შემდეგაც კი მოიგონებდნენ ლეგენდებს, დაწერდნენ ლექსებს, გადაიღებდნენ ფილმებს.
image ბონი და კლაიდი გაცნობისთანავე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ ისინი განუყრელი თანამოაზრეები და საყვარლები გახდნენ. ბონის დედა ემილი იხსენებდა :”მე მაშინათვე მივხვდი, რომ მათ შორის რაღაც დიდი იყო…სიყვარულზე დიდი. ეს ვიგრძენი იმ წუთიდანვე, როგორც კი ბონიმ კლაიდი გამაცნო, ეს მე მის თვალებში ამოვიკითხე”.
წყვილი ხშირად გადიოდა ქალაქგარეთ და მიზანში სროლაში ვარჯიშობდა- ალბათ ეს იყო ერთადერთი, რაც მათ თავიანთი ცხოვრების მანძილზე სრულყოფილად შეისწავლეს.
image თავდაპირველად წყვილმა თავისი “მოღვაწეობა” ტეხასის იარაღის საწყობის გაძარცვით დაიწყო. ნაძარცვი იარაღით ისინი კბილებამდე შეიარაღდნენ. ამის შემდეგ ბანდიტები ძარცვავდნენ განურჩევლად ყველა სასადილოს, მაღაზიას, ბენზინგასამართ სადგურს-ყველაფერს, სადაც კი ცოტაოდენი ფულის შოვნა შეიძლებოდა. უნდა ითქვას, რომ იმ დროს ბანკებში ფული თითქმის არ იყო-ეს ხომ დიდი დეპრესიის პერიოდი იყო, ამიტომ წყვილი ხანდახან უბრალო სასაუზმის გაძარცვით უფრო მეტს ფულს შოულობდა, ვიდრე რომელიმე მსხვილი ბანკის დაყაჩაღებით.
image
ძარცვის სცენარი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ბონი იჯდა მანქანის საჭესთან, კლაიდი შევარდებოდა დასაყაჩაღებელ ობიექტში, გამოიტაცებდა ნადავლს და სროლით ჯდებოდა უკვე ამუშავებულ მანქანაში. თუ ვინმე მას წინააღმდეგობას გაუწევდა, მაშინვე მიიღებდა ტყვიას შუბლში. ბონი ხელის აუკანკალებლად კლავდა ყველას, ვინც კი წინ გადაეღობებოდა. ისინი არამარტო ყაჩაღები იყვნენ-ისინი იყვნენ ცივსისხლიანი მკვლელები: კლავდნენ ყველას- პატარა მაღაზიის მეპატრონიდან დაწყებული პოლიციელებით დამთავრებული.
 პირველი პოლიციელის მოკვლისთანავე, რომელმაც მოინდომა მანქანაში მჯდომი საეჭვო შესახედაობის წყვილისათვის საბუთები შეემოწმებინა, კრიმინალებს დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდათ: მათ პოლიციელის მკვლელობისათვის უსიტყვო სასიკვდილო განაჩენი გარანტირებული ჰქონდათ. ამიტომ ბონიმ და კლაიდმა სულ უფრო და უფრო შორს შეტოპეს: ისინი კლავდნენ მაშინაც კი, როცა წინააღმდეგობას არავინ უწევდათ.
image რათქმა უნდა, წყვილზე ძებნა იყო გამოცხადებული და მათ გამუდმებით დასდევდა პოლიცია, მაგრამ ბანდიტებს საოცრად უმართლებდათ:პოლიციასთან ყოველი შეტაკება მათი გამარჯვებით მთავრდებოდა.
 წყვილმა გარშემო შემოიკრიბა დამნაშავეების მთელი ჯგუფი და ასე შეიქმნა სახელგანთქმული “ბონის და კლაიდის ბანდა”. ბონი ამ ბანდის ტვინი და იდეების სულისჩამდგმელი იყო და ბანდის საქმიანობა მალე მთელ ტეხასის შტატში გახდა ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ თავის “საქმიანობას” წყვილი მომხვეჭელობის და სისხლის წყურვილით და განდიდების მანიით კი არ ხსნიდა, არამედ “მძიმე ხვედრითა” და “სისტემასთან ბრძოლის” მოტივით.
image
ერთხელ ბონიმ და კლაიდმა შერიფი დაიჭირეს, გააშიშვლეს, შეკრეს და გზაზე დააგდეს, თან წასვლის წინ დაუბარეს:” გადაეცი შენს ხალხს, რომ ჩვენ მკვლელების ბანდა არა ვართ. შედით იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომლებიც ცდილობენ ეს დაწყევლილი დეპრესია გადალახონ”.
 მათ ძალიან უყვარდათ სურათების გადაღება იარაღით ხელში: პისტოლეტებით და რევოლვერებით ისინი ხშირად პოზირებდნენ ობიექტივის წინ. 1933 წელს, როცა პოლიციას გაექცნენ, თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე მათ დატოვეს უამრავი ფოტოსურათი და ბონის ლექსები, რომლებშიც ის ბანდიტების მძიმე ცხოვრებაზე ყვებოდა და თავიანთ თავს პოლიციის ტყვიებით სიკვდილს უწინასწარმეტყველებდა.
 სამხილები თითქოს შემთხვევით იყო დატოვებული ადგილზე, მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ ყველა ფოტოსურათში წყვილი პოზირებდა იარაღით ხელში, უახლესი მარკის მანქანების ფონზე და ძალიან ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი: აშკარა იყო, რომ კრიმინალურ წყვილს ძალიან უყვარდა საკუთარი თავის გაპიარება.

imageყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო: ბანდის ერთ-ერთი წევრის მამამ, მისი შვილის შეწყალების საფასურად, პოლიციას შესთავაზა დახმარება ბანდის წევრების აყვანაში. მან პოლიციელებს გადასცა იმ სახლის გასაღები, სადაც ბონი და კლაიდი იმალებოდნენ. სახლს პოლიციელების მთელმა ასეულმა შემოარტყა ალყა, გადაკეტილი იქნა ყველა გამოსასვლელი.

image
1934 წლის 23 მაისს დილით გზაზე ავტომანქანა “ფორდი” გამოჩნდა, მძღოლს შავი სათვალე ეკეთა, მის გვერდით იჯდა ულამაზეს წითელ კაბაში გამოწყობილი ქალი. მანქანა სავსე იყო იარაღის მთელი არსენალით: შემდგომ მასში იპოვეს 3 შაშხანა, 12 პისტოლეტი, 2000-მდე ვაზნა, 2 ტყვიამფრქვევი და…საქსაფონი. როგორც ჩანს, წყვილს იმედი ჰქონდა, რომ კიდევ ერთხელ დაუძვრებოდა პოლიციას ხელიდან, მაგრამ ამჯერად ფორტუნა ნამდვილად არ იყო მათ მხარეზე, წყვილმა ერთი გასროლის განხორციელებაც კი ვერ მოახერხა, ისინი პოლიციელებმა მანქანაშივე ჩაცხრილეს. ამბობენ, რომ თითოეული განგსტერის სხეულში 500-ზე მეტი ტყვია იყო მოხვედრილი, მათი გვამები დაფლეთილი და დაცხრილული იყო ტყვიებისაგან.
image დანაშავეების დამახინჯებული სხეულები მორგში მოათავსეს. ნებისმიერ მსურველს, ვინც კი ერთ დოლარს გადაიხდიდა, შეეძლო მათი ნახვა. მოკლული ბანდიტების ფოტოსურათები გაზეთებში გამოქვეყნდა.
სიკვდილის შემდეგ ბონი და კლაიდი გახდნენ სიმბოლოები სიღარიბის და გაჭირვების, სისტემის და კანონის წინააღმდეგ ბრძოლისა. ბონის საფლავზე ეს სიტყვბი ამოტვიფრეს:
“როგორც ყვავილები იშლებიან დილის ნამისა და მზის ქვეშ, ასევე ნათელი ხდება სამყარო ისეთი ადამიანების არსებობით, როგორებიც თქვენ იყავით”.

No comments:

Post a Comment