Friday, June 20, 2014

ლეგენდა მეფეზე, რომელმაც გადმოცურა ზღვა და გვასწავლა ცურვა! (ირაკლი ჩარკვიანის პორტრეტი)

„გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას.“

ყველაფერი ჯინსებით დაიწყო, როცა ბადრაგის კითხვას სიმღერით უპასუხა და იცოდა, რომ ეს სიმღერა ისტორიას დარჩებოდა. იცოდა, რადგან ესმოდა იმჟამინდელი მდგომარეობა, რადგან თავად იგემა არარსებული კულტურის გემო.

რთულია ირაკლის სიმღერებიდან რაიმე კონკრეტული ამოარჩიო და მხოლოდ მასზე თქვა, – ეს ის არის, რამაც ისტორია შეცვალა. უბრალოდ იმიტომ, რომ ის წერდა ისეთ მუსიკას,რომელიც მთლიანად უცხო იყო ქართული რეალობისთვის და ამიტომაც ერქვა იატაკქვეშა მუსიკა.
მუსიკა, რომელმაც მსმენელს ბრძოლის სურვილი ჩაუნერგა. ეს თავისთავად ხდებოდა, რადგან ირაკლი მღეროდა იმას, რაც ხალხს სჭირდებოდა. მისი ბევრს დღემდე არ ესმის. ის ხომ დროს უსწრებდა. თუმცა, ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, ეს იყო შიში, რაც საბჭოთა დროებისთვის დამახასიათებელი იყო და რომლის ფონზე კონტრკულტურა - სახელად „ალტერნატივა“ იქმნებოდა.
            „მეფის“ მუსიკა იქმნებოდა არა იმისთვის, რომ ფული მოეტანა, არამედ იმისთვის, რომ ქართული მუსიკა განვითარებულიყო. რადგან მას ჰქონდა მორალი - „სულაც არ არის საჭირო, შენი ბევრს ესმოდეს.“
ირაკლი ახალგაზრდებს სთავაზობდა პროტესტის თავისებურ ფორმას და თავისუფლებას, როგორც შემოქმედებითს, ასევე, სულიერს. ეს კი მის ყველა სიმღერაში ჩანს, რადგან ისინი ატარებენ დიდ ენერგიას, მართლაც გაღვიძებენ, მოგიწოდებენ. ახალ, თავისუფალ სულს გინერგავენ, ბრძოლისთვის გამზადებენ.
თავის მუსიკას ასოციაციურობით ქმნიდა, რაც ჩანს კიდეც. ირაკლის ჰქონდა თავისი დოპინგი:
„დ-ოპინგი - დინოზავრს ჰგავს, ცოტა ისეთი ტიპია - დინოზავრის ენერგიას გმატებს. მე თვითონ ვარ სხვების დოპინგი, ამიტომ დოპინგის გამოყენება არ მჭირდება. როგორც ხელოვნებაა ნარკოტიკი და შენ თვითონ ხარ ნარკოტიკი, ამიტომ შენ თვითონ აღარ გჭირდება ნარკოტიკი,“ რომელსაც გადასცემდა ხალხს, რადგან მისი მუსიკა მართლაც ბრძოლისა და პროტესტის გრძნობას აღვიძებდა.  
ტაბუ!
„ტ-აბუ - ტაბურეტკა, რომელზეც ზიხარ და რაზეც მთელი ერი ჩამომჯდარია და არ დგებიან ხოლმე ამ ტაბუ-რეტკიდან. ეზარებათ ან ეშინია,“ რომელსაც თავისი მუსიკით არღვევდა. საზოგადოება  გამოჰყავდა იმ ჩარჩოებიდან, რომლიდანაც გამოსვლა  დიდ ნაწილს არ  სურდა, რადგან ეშინოდა დაპირისპირების, განსხვავებულობის.   
ლეგენდა
„ლ-ეგენდა - ლიანებს მაგონებს ჯუნგლებში რომაა. უამრავი ხალხის სული და ტვინია დაკიდებული ამ ლეგენდებზე და როგორც მაიმუნები ლიანებზე, ისე ირწევიან.“
ლეგენდა მეფეზე, რომელმაც გადმოცურა ზღვა და გვასწავლა ცურვა!


No comments:

Post a Comment