Friday, June 20, 2014

დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორია ხმელეთის ან ზღვის ნაწილია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. ნაკრძალი ტერიტორიის ის ნაწილია, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივის კომპლექსი. ნაკრძალი შეიძლება იყოს, სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფასი ბუნებრივი ობიექტი რომელიც შეიცავს: მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა.

საქართველოში, დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, ჯერ კიდევ, 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
ეროვნული პარკი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც სპეციალური სტატუსი აქვს მინიჭებული. ეროვნული პარკი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის იქმნება.
აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან, სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს მოითხოვს.
ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად. ბუნების ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას საჭიროებს, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლიარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.
დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
”ისეთი დაცული ადგილები, რაც მოსახლეობასთან  უშუალოდაა მიბმული, არის ტრადიციული გამოყენების ზონა და სადაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხდება. მაგრამ ამ ტერიტორიაზე ხის მოჭრა და ნადირობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მუხლებით არის შესაძლებელი. თუ პიროვნებას არანაირი საბუთი არა აქვს ხის მოჭრაზე  და ნადირობაზე და ის უკანონოდ მოჭრის ხეს, ამ შემთხვევაში, დაცვის სამსახური მიმართავს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს. დაცვის სამსახურის ვალდებულება არის, ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა”, –  განაცხადა ბოჯომ ხარაგაული ეროვნული პარკის დირექტორმა თომა დეკანოიძემ
შალვა მამუკაშვილი

No comments:

Post a Comment