Friday, June 20, 2014

ცნობები ქართული ენის წარმოშობასა და განვითარებაზე

 ყოველ კულტურულ ერს თავისი ლიტერატურული ენა აქვს, ზოგს ძველისძველი, ასეთია მაგალითად: ეგვიპტური, ხეთური, ასურული, ძველი ინდური (სანსკრიტი), ძველი ირანული (ავესტა), ჩინური, ბერძნული, ლათინური და სხვა... ზოგსაც ჩვ. წ. აღ-ის შემდეგდროინდელი, როგორიცაა ქართული, სომხური, რუსული, ბულგარული, გერმანული, იაპონური, კორეული და სხვა... ზოგსაც კიდევ - გვიანდელი: ლიტვური, ლაშიტური, ესტონური, უზბეკური... და სულ ახალი: დაღესტნის ხალხთა ენებიდან -ხუნძური, ლაკური, ლეზგიური და სხვა...
  რამდენადაც ძველია, მდიდარია და დახვეწილია ლიტერატურული ენა, იმდენად კულტურულია მისი შემქმნელი ერი. კარგად აქვს ნათქვამი ილია ჭავჭავაძეს: ,,ენა... ყველაზედ შემძლებელი და ყველაზედ სანდო მოწამეა ცივილიზაციის ისტორიისათვის, რადგანაც... ერთობა ერისა მოასწავებს ერთობას კულტურისას.“
   ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს  დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების  გაუთავებელი შედარებით  ამა თუ იმ, უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი ,,ქართველური ენის“  შთამომავლად. იგი ჩვ. წ. აღ-მდე 2000 წლით თარიღდება.
  სრულიად უდავოა, რომ ქართველურ ენებს წინ უძღოდა ერთი საერთო წინაპარი, ერთი ფუძე-ენა, რომელსაც ენათმეცნიერები წინარე- ქართველურს, საერთო-ქართველურს უწოდებენ.  ამ ენის წიაღში ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური გამოიყოფოდა მხოლოდ დიალექტების სახით. დიალექტთა შორის, ცხადია, არსებობდა განსხვავებანი, მაგრამ ურთიერთგაგებინებას ეს ხელს არ უშლიდა. დროთა განმავლობაში დიალექტები უფრო და უფრო დაშორდნენ ერთმანეთს და დამოუკიდებელ ენებად იქცნენ, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროკავშირი მაინც არ დაუკარგავთ.
  ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი განვითრება ჩვ. წ. აღ-მდე მე-3 საუკუნეშია, ფარნავაზის მეფობის დროს. სწორედ, ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ქართული ანბანი (ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზს ხილვა ჰქონდა, სადაც მის წინაშე მონაცვლეობდნენ ასოები. ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი ,,შუშანიკის წამება“, რომელიც თარიღდება Vს-ით. ასევე ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი ძეგლები (წარწერები, პალიმფსესტები- ტყავის ხელნაწერები, სადაც ძველი ნაწერი გადაფხეკილია და ახალია დაწერილი) განეკუთვნება  V-VI სს- ებს. ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში ვარაუდი გამოითქვა, რომ ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“  IV ს-ის ძეგლი უნდა იყოს.
  უკვე მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკინიდან მკვიდრდება, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს ,,აბო ტფილელი“-ს.
  მე-11 საუკუნეში, ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. იგი გამოდგა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. ეს გამოიხატება მის სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთია.
  ქართულმა ენამ გაუძლო ოსმალთა და სპარსთა, არაბთა, მონღოლთა, სხვათა გაუსაძლის ზეწოლას. სარწმუნოებასთან, მამულთან  ერთად, ენაც შეინარჩუნეს იბერებმა. ენის ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა ქართველებს ყოველთვის შეგნებული ჰქონდათ-მაშინაც, როცა საქართველო სამთავროებად იყო დაყოფილი, და მაშინაც, როცა იგი მთლიან სახელმწიფოებრივ ორგანიზმს წარმოადგენდა. კილოებზე მეტყველნი საჭიროდ ცნობდნენ განევითარებინათ საერთო სალიტერატურო ენა.
  1995-96 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ პროფ. მ.შანიძის ავტორობით გამოსცა ჯერჯერობით პირველი ძველი ქართული ორიგინალური გრამატიკული ტრაქტატი ,,სიტყუაი ართრონთათვის“.  ,,თხზულების ანალიზი და ზოგიერთი სხვა  მოსაზრებაც საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ,,სიტყუაი ართრონთათვის“ დაწერილია  XI ს-ში,  ე.ი. სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც  საერთო  ვითრებისა და სამეცნიერო ინტერესების შესაბამისად მსგავსი თხზულებების  შექმნა უფრო საგულვებელია. ,,თვითონ თხზულებასა და მის შემცველ ათონურ ხელნაწერსაც აშკარად ატყვია ეფრემ  მცირის ფილოლოგიური სკოლის კვალი. საფიქრალია, რომ გრამატიკული ტრაქტატის ავტორი არის ეფრემი,  ან მისი მოწაფე არსენ იყალთოელი“. (მზ. შანიძე.)
  ამ თხზულებით გამართლდა ის ვარაუდი, რომ ქართველებს ჯერ კიდევ ადრეულ ფეოდალურ ხანაში ჰქონდათ ენათმცნიერული ხასიათის შრომა, ტრაქტატი, რომელსაც 900 წლის შემდეგ  ,,ეღირსა“ მზის სინათლე.
  სწორედაც, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა და სალიტერატურო ენა საქართველოს ყველა კუთხისა და ყველა ტომის უთვალავ თაობათა ერთობლივი შრომის ნაყოფია. ეს ჩვენი საერთო ენა და საერთო კულტურაა. ამ რწმენას განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ჩვენი ფესვების ერთობის, ჩვენი საერთო გენეტიკური წარმომავლობის შეგრძნება, რაც ყველაზე უკეთ სწორედ ენაშია გამოხატული და ენის ყველა წესსა და ყველა მონაკვეთში იგრძნობა.

          საინტერესო ფაქტები:
Ø ქართული ენა არის მსოფლიოში 120 ადგილზე, მასზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობის მიხედვით (რაოდენობა ითვლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით ანუ  4 მილიონამდე).

Ø 1705 წელს, მოსკოვში არჩილ II-ის მითითებით ნუსხური და ხუცური ანბანებით დაიბეჭდა ,,დავითნი“.
                                                     


Ø 1712  წელს, კი ვახტანგ  VI- ის მიერ სტამბაში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“,  ,,ბიბლია“  და  ახალი აღთქმა. 
გარდა ამისა ქართული ენა ბიბლიაშია კურთხეული - ,,და ენაი ესე, შემკულ და კურთხეული სახელითა  უფლისათა“.                                                               



Ø  ერთ-ერთ ამერიკულ ბლოგზე ძნელად სასწავლი ენების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ოთხი ჩამოთვლილი ენიდან ერთ-ერთი ქართულია, რომლის გრამატიკის ნიუანსების შესწავლა, ავტორის თქმით: ,,ისევე გაგიჭირდებათ, როგორც ინდრი ლოჰანს ფხიზლად ყოფნა საშობაო წვეულებაზე“.

No comments:

Post a Comment