Friday, June 20, 2014

ჰიპსტერები


            ჰიპსტერი, როგორც ჟარგონული ტერმინი, შეერთებულ შტატებში 1940-იან წლებში გაჩნდა. ეს სიტყვა თავდაპირველად ჯაზის მოყვარულთა წრეში ჩამოყალიბებულ სუბკულტურას უკავშირდებოდა; საშუალო კლასის ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებიც მათი კერპების, შავკანიანი მუსიკოსების, ცხოვრების სტილისთვის მიბაძვას ცდილობდნენ, ასოციალური ქცევით გამოირჩეოდნენ და ერის საერთო ღირებულებებს არ იზიარებდნენ.
            კრეატიული იდეები, ფერადი ნივთები, ყველაფრისადმი ირონიული დამოკიდებულება, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნებისმიერი აზრის უარყოფა; ჰიპსტერები სწორედ ამ ნიშნებით ემიჯნებიან სხვა ადამიანებს. ისინი უმეტესად 13-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან. რატომ უნდათ ამ ახალგაზრდებს გამორჩეულად ჩაცმა? და რა არის მათთვის ჰიპსტერობა?

            ფერადი შარვლები, კუბოკრული პერანგები, დახეული კედები, მზის სათვალეები. ერთი შეხედვით, მათ სწორედ ასეთი დეტალებით გამოარჩევთ სხვებისგან. ჰიპსტერებს მოსწონთ ისეთი მუსიკა, რომელიც მეინსტრიმული არაა და მხოლოდ ისინი უსმენენ; არ აღიარებენ ტრადიციებს, მათ ბოჰემური ცხოვრება იზიდავთ, რაც დღეს საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა. ნინო დოვლათაძე 22  წლისაა; ის ქართველი ჰიპსტერია. მწვანე ქურთუკით, ყვითელი შარვლით, ყავისფერი ზურგჩანთითა და გაქექილი ტყავის ფეხსაცმელებით ბევრი თანატოლისგან გამოირჩევა. მას მოსწონს, რომ საზოგადოებაში გამორჩეულია. მისივე თქმით, ჰიპსტერმა არ იცის, რომ ჰიპსტერია, ის თავისთავად უნდა იყოს იმ იდეების მატარებელი, რასაც ეს კონტრკულტურა ითვალისწინებს. ნინო  ჰიპსტერებისთვის დამახასიათებელი ირონიით ამბობს: „ჰიპსტერები არიან ადამიანები, რომლებიც კულტურას კლავენ, ისინი ქმნიან ისეთ კონტრკულტურას, რომელიც მეინსტრიმული კულტურის საწინააღმდეგოა. ჩემთვის ჰიპსტერული ცხოვრება კი ნიშნავს იმას, რომ გძულდეს ყველაფერი, რაც კი არსებობს, იყო ანტიკაპიტალისტი სანამ ეს დაგჭირდება, კონფორმისტი რეალურ ცხოვრებაში და ნონკონფორმისტი ინტერნეტსივრცეში“.

            მიუხედავად იმისა, რომ ჰიპსტერები მათგან განსხვავებულ ადამიანებს არ ერჩიან, ზოგიერთისთვის ისინი მაინც გამაღიზიანებელ და, უბრალოდ, მოდას აყოლილ თინეიჯერებად ითვლებიან. მიუხედავად ამისა, ჰიპსტერები მაინც არსებობენ და შემოაქვთ თავიანთი არაორდინალური და უცნაური ხედვა სამყაროზე.

No comments:

Post a Comment