Friday, June 20, 2014

როგორ თანამშრომლობენ ინტერნეტ-კომპანიები სამართალდამცავებთან

ინტერნეტ-კომპანიებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სტანდარტული წესები აქვთ. მაგალითად, მომხმარებლების  მიმოწერას მუდმივად ამოწმებს facebook , რისთვისაც ის სპეციალურ სისტემას იყენებს. სისტემა საუბრების სკანირებას ახდენს და იმ ფრაზებსა და სიტყვებზე რეაგირებს, რომლებიც, შესაძლოა, სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდეს. საეჭვო მიმოწერის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი  ინფორმაციას სოციალური ქსელის უსაფრთხოების თანამშრომლებს მომენტალურად გადასცემს. ამის შემდეგ კი ისინი თავად წყვეტენ, შეატყობინონ თუ არა მომხდარი პოლიციას. სოციალურ ქსელში აცხადებენ, რომ სისტემა ეფექტურად მუშაობს და მას რეალური შედეგები მოაქვს. ერთი დამნაშავე მისი დახმარებით  სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა: საუბარია 30 წლის მამაკაცზე, რომელიც 13 წლის გოგონას სექსუალური შინაარსის წერილებს წერდა და გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეხვედრას სთავაზობდა. 
აგვისტოს დასაწყისში ნიუ-იორკის პოლიციამ  Twitter-ზე გამოქვეყნებული საგანგაშო შეტყობინება აღმოაჩინა. ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი ნიუ-იორკის თეატრში, სპექტაკლ UndisputedTruth-ის პრემიერაზე მისული მაყურებლის დახოცვით იმუქრებოდა. პრემიერა 3 აგვისტოს იყო დანიშნული. პოლიციამ კი   შეტყობინებას ყურადღება მხოლოდ იმ დღეს მიაქცია. თეატრში სპეცრაზმი გაიგზავნა, თუმცა პრემიერამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. შეტყობინების ავტორი პოლიციამ დააკავა, მაგრამ არ დაუპატიმრებია. დაკითხვის შემდეგ ის გაუშვეს, თუმცა  ვინაობა, ასაკი,  სქესი და მიზეზი, რის გამოც  არ დააპატიმრეს, არ დაუკონკრეტებიათ.
ტვიტების ავტორს ნიუ-იორკის პოლიციამ Twitter -ის დახმარებითვე მიაგნო. შეტყობინების აღმოჩენისთანავე მან სოციალურ ქსელს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, თუმცა თავდაპირველად Twitter-მა პირადი მონაცემების გაცემაზე უარი განაცხადა: მუქარა საკმარისად სერიოზულად არ ჩათვალა, თუმცა მოგვიანებით, შესაბამისი ორდერის წარდგენის შემდეგ, პოლიციას ინფორმაცია გადასცა.
Skype-სგან განსხვავებით, Twitter რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც კომპანიას სხვადასხვა ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ. ბოლო ანგარიშში 23 სახელმწიფოა წარმოდგენილი. სულ 2012 წლის პირველ ნახევარში სოციალურ ქსელს 849 მოთხოვნა გაეგზავნა, მათი დიდი ნაწილი - აშშ-დან და იაპონიიდან. ამერიკელი სამართალდამცავი ორგანოების განაცხადების 75% შესრულდა, სულ კი კომპანიამ ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ 1181 მომხმარებელზე გასცა. Twitter-ს სთხოვდნენ არასასურველი ტვიტების წაშლასაც,  თუმცა კომპანიას არცერთი მათგანი არ შეუსრულებია. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ წელს პირველ 6 თვეში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ გაცილებით მეტი მოთხოვნა მიიღეს, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ Twitter იმ მომხმარებლებს, რომელთა ანგარიშითაც სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოები არიან დაინტერესებულები, ფაქტის შესახებ სპეციალურ შეტყობინებას უგზავნის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  შესაბამისი სასამართლო აკრძალვა არ მოქმედებს.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნების პრაქტიკა Google-მაც დანერგა და მონაცემებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ აქვეყნებს: ივნისის თვის ანგარიშში მა თუ იმ კონტენტის წაშლასთან ერთად  გაერთიანებულია მოთხოვნები მომხმარებლების ინფორმაციის, მათ შორის IP  მისამართების მიწოდების შესახებ. ყველაზე ხშირად Google მსგავს მოთხოვნებს აშშ-ს ხელისუფლებისგან იღებდა, თუმცა მათი დიდი ნაწილის შესრულებაზე კომპანიამ უარი განაცხადა, სიაში მოხვდნენ ინდოეთი, ბრაზილია, ბოლივია, იორდანია, უკრაინა და ჩეხეთი. ჩამონათვალში ფიგურირებს რუსეთიც, მაგრამ კომპანიას მისი არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. 
Google-მა წელს მოთხოვნების რაოდენობის გაზრდის გამო განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა და ცენზურის საფრთხეებზეც ალაპარაკდა. ინტერნეტ-გიგანტი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში პირადი მონაცემებისა და პოლიტიკური კონტენტის წაშლის მოთხოვნა ტრენდად იქცა.

No comments:

Post a Comment