Friday, June 20, 2014

ტექნოლოგია და ქალი

"ბიჭებს მეტი ტექნიკური უნარები აქვთ..."
"მათემატიკა ბიჭებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე გოგოებს.. მაშინაც კი, როდესაც მათ კარგი აკადემიური შედეგები აქვთ..."
"ბიჭებს მეტად უადვილდებათ STEM, იმიტომ რომ ისინი უფრო სხარტად აზროვნებენ, უფრო პრაქტიკულები, გონებაგახსნილები, ტექნიკურები და უნარიანები არიან"...
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სტერეოტიპების, რომლებსაც საქართველოში მშობლები და მასწავლებლები გოგონების მიმართ  ავლენენ.
შესაბამისი შედეგები ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევამ“ აჩვენა.
იმავე კვლევის მიხედვით, ამ სტერეოტიპების მიუხედავად, გოგონების აკადემიური მოსწრება და მიღწევები STEM-ის საგნებში მინიმუმს უტოლდება, ან უსწრებს ბიჭების აკადემიურ მოსწრებას და მიღწევებს, თუმცა საბოლოო ჯამში იმავე სტერეოტიპების გავლენით, ბიჭებთან შედარებით, კარიერას შესაბამის პროფესიებში უფრო ნაკლები გოგონა აგრძელებს. მშობლები და მასწავლებლები გოგონებს STEM სფეროებში მხარს ნაკლებად უჭერენ, „ცივი და მკაცრია“ მათ მიმართ დასაქმების კლიმატიც.
 „სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები ქალია დასაქმებული ამ პროფესიებით, რაშიც სკოლა, ოჯახები და საზოგადოება საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ქალი საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალობებში ნაკლებად წარმატებული შეიძლება იყოს“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
როგორ უნდა დაინგრეს ნეგატიური სტრეოტიპები გოგონათა შესაძლებლობების შესახებ? ერთ-ერთი გზა, ალბათ, როლური მოდელების შექმნაა. ქალები, რომლებზეც ამ სტატიაში წაიკითხავთ, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, თან საკმაოდ წარმატებით. ისინი თავიანთი საქმიანობით აჩვენებენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და რომ ტექნოლოგიები თანაბრად შეიძლება იყოს როგორც კაცის,  ისე  ქალის საქმე.
თამუნა
ჯერ კიდევ 80-იანებში, როცა კომპიუტერი ახალ ხილს წარმოადგენდა და მის გამოყენებას მომავალი მათემატიკოსები და კიბერნეტიკოსები სწავლობდნენ, სტუდენტებს შორის 30% ქალი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი - თამუნა ლომინაძე. თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მათემატიკური ანალიზის სპეციალისტი, რომელსაც სამეცნიერო კვლევების ჩატარება სურდა, ტრანსპორტის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში, პროგრამირების განყოფილებაში მოხვდა და მთლიანად ტექნოლოგიებზე გადაერთო.
„დღეს თუ პროგრამა მხოლოდ ბრძანებების გამოყენებით იწერება, ჩემი სტუდენტობის დროს ერთ კვადრატულ განტოლებას სქელტანიანი წიგნის ზომის პერფოკარტები სჭირდებოდა. ახლანდელი მობილური აპლიკაციები მაშინ ალბათ ზღაპრად მოგვეჩვენებოდა“, - იხსენებს თამუნა ლომინაძე.
სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი კარგი მაგალითი ადა ლავლეისია, ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი. სწორედ ადა ითვლება მსოფლიოში პირველი გამოთვლითი პროგრამის ავტორად, რომელიც მან ბებიჯის მანქანისთვის შექმნა. ადა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით მის პატისაცემად კომპიუტერული ენა ADA შეიქმნა, რომელიც ჯერ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, შემდეგ კი ნატოს პროგრამირების უნივერსალურ ენად იქცა. 

No comments:

Post a Comment