Friday, June 20, 2014

ყვითელი მიკროავტობუსები


უკვე ორი წელია მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული „ყვითელი მიკროავტობუსების“ კომპანია თბილისის მგზავრებს ემსახურება. ახალმა კომპანიამ მგზავრობის ღირებულება 50-დან 80 თეთრამდე გაიზარდა, ფასის მატება კი მგზავრებისთვის ყველანაირი კომფორტის შექმნით ახსნა. თუმცა დღეისათვის ეს კომფორტი სრულყოფილი არა არის. ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. თბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვის პრობლემა აქტუალურ თემად იქცა. ამ თემაზე ვრცლად, ხატია ქირიას სიუჟეტიდან შეიტყობთ.
„ვაიმე როგორ ცხელა!“ „ცხელი ჰაერი უბერავს!“ „ფულს ვიხდი და არ არის კომფორტი!“ - თქვენ მსგავს ფრაზებს ხშირად გაიგებთ თბილისის მოსახლეობიდან. ისინი ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩაურთველობას უჩივიან. უძნელდებათ, როცა ტემპერატურა ტრანსპორტშიც და ქუჩაშიც ერთი და იგივეა:
„მე საერთოდ კონდიციონერი არ მიყვარს. ზოგი ამბობს ჩართეთ, ზოგი ამბობს გამორთეთ.“  „ფანჯრები გააღონ. კონდიციონერი ხანდახან მაწუხებს ხოლმე.“ „თითქმის არ არის ჩართული. სულ კონფლიქტი გვაქვს, გვეუბნებიან, რომ გაფუჭებულია. „საერთოდ ჩართულს ერთხელ შევსწრებივარ.“ „ბევრი ბენზინი იხარჯება კონდიციონერის ჩართვისას. მძღოლს ურჩევნია, რომ იაფად გამოვიდეს და სარგებელი მეტი დარჩეს.“ „რომელ ხაზებსაც გადატვირთული და კარგი მუშაობა აქვთ, არ რთავენ, რადგან მაინც ჰყავთ მგზავრები, ხოლო ხაზეს, რომლებსაც კონკურენტი ჰყავთ და ნაკლები კლიენტი, ისინი რთავენ.“
მგზავრების პრეტენზიებს მძღოლებიც პრეტენზიებით ეხმაურებიან. მათი თქმით, ყველა მგზავრს კონდიციონერებთან დაკავშირებით ერთნაირი მოთხოვნილება არ აქვს. ზოგი კონდიციონერის ჩართვას, ფანჯრის გაღებას ამჯობინებს. მგზავრების მრავალფეროვან გემვნებაზე უფრო მეტად, მძღოლები სხვა პრობლემას უჩივიან. მათ ყოველდღიური გეგმა აქვთ შესასრულებელი. არ აქვს მნიშვნელობა დღიური გამომუშავების რაოდენობას, მისი არარსებობის შემთხვევაშიც კი, მძღოლები ვალდებულნი არიან გარკვეული თანხა სალაროში შეიტანონ. კონდიციონერის ჩართვით მათ გადასახადი 10 ლარით უძვირდებათ. საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, „ყვითელი მიკროავტობუსების“  კომპანიამ მძღოლებს დღიური გეგმური გადასახადი 15 სექტემბრამდე 30%-ით შეუმცირა. თუმცა მძღოლები გადასახადის დაკლების ფაქტს უარყოფენ:

არაფერი დაუკლიათ. საწვავი, რასაც კონდიციონერი წვავს, ჩვენს კისერზეა. 10 ლარი მოუმატეს  და პლიუს კონდიციონერის ფულიც არ დაუკლეს. მთავრობა კი პირიქით აცხადებს.“
„გუშინ ვიმუშავე და ორი ლარით ზარალში წავედი“
ზოგიერთი მძღოლი კონდიციონერის გაუმართაობასაც უჩივის, თუმცა კომპანია „ყვითელი მიკროავტობუსის“ დირექტორის მოადგილე, დავით ასანიძე, ამ ფაქტს უარყოფს. დავით ასანიძე კონდიციონერის ჩაურთველობის პრობლემად ადამიანურ ფაქტორს, კერძოდ კი ზოგიერთი მძღოლის ურჩობას ასახელებს. მისი თქმით, მგზავრებს უფლება აქვთ მძღოლს მოსთხოვონ კონდიციონერის ჩართვა, უარის შემთხვევაში კი დარღვევის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით ამცნონ „ყვითელი მიკროავტობუსების“ კომპანიას. ცხელი ხაზის ნომერი ყველა მიკროავტობუსშია გამოკრული. დავით ასანიძის თქმით, ამ შეტყობინებას კონკრეტული რეაგირება მოჰყვება:
„პირველ შემთხვევაში (მძღოლებს) ხაზზე გასვლას 10 დღით შევუზღუდავთ, მეორე შემთხვევაში ერტი თვით, მესამეჯერ მძღოლს ხელშეკრულება გაუუქმდება.“
ვებ-გვერდი „მომხმარებელი.ჯი-ს“ პროგრამის ხელმძღვანელის, ლია თოდუას განცხადებით, ხელშეკრულება, რომეიც მერიამ გააფორმა გამარჯვებულ კომპანიასთან, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მგზავრების კომფორტი იყო. ლია თოდუა ცხელი ხაზის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, მერიის მხრიდან მომხმარებლის არჩევანის უფლება დარღვეულია:
„არ არსებობს კონკურენციის საშუალება. სხვდასხვა კომპანიების არსებობის შემთხვევაში, მგზავრს არჩევანის შესაძლებლობა ექნებოდა. თავად გადაწყვეტდა, რამდენად კომფორტული მიკროავტობუსით იმგზავრებდა.“
ლია თოდუა გამოსავალს ანტიმონოპოლური სააგენტოს შექმნაში ხედავს, რომელიც აღკვეთს სამომხმარებლო ბაზარზე მონოპოლიური კომპანიების არსებობას, როგორც ეს ყვითელი მიკროავტობუსების შემთხვევაში მოხდა. თბილისის მგზავრებს ალტერნატიული სამარშუტო ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.

                                                                                                                    

No comments:

Post a Comment