Friday, June 20, 2014

ნაცნობი სახლის უცნობი ისტორია. ღვინით ნაშენები სახლი.

XIX საუკუნის მიწურულს თბილისში  ძალიან მდიდარი კაცი – ალექსანდრე  მელიქ აზარიანცი გამოჩნდა. მან საცხოვრებლად ზემელზე (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ადგილი შეარჩია და გადაწყვიტა, იქ აეშენებინა სახლი. სომხური წარმოშობის თბილისელი კომერსანტის, ალექსანდრე მელიკ აზარიანცის დიდი შემოსავლიანი სახლი შოთა რუსთაველის გამზირის #37-ში მდებარეობს.   შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი გახლდათ პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს საქართველოში მის მიერ განხორციელებული პირველი და უკანასკნელი პროექტი აღმოჩნდა. XX საუკუნის დასაწყისში სახლს ჰქონდა საკუთარი ელექტრო მომარაგება ,  გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი “შემოსავლიანი სახლი” უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით. მელიქ აზარიანცმა არქიტექტორს დაავალა, რომ მოედნისა და სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა ჰქონოდა. ამასთან მსახურები იმ ადამიანებს მიუგზავნა, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ადგილას ცხოვრობდნენ. უმეტესობა მათგანი ღარიბი იყო. აზარიანცი მათ 300 ოქროს უხდიდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. მის პირობებს ყველა სიხარულით დასთანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა. რომელმაც არანაირ ფასად არ დათმო თავისი „დაბრეცილი“ ჯიხური. 


 აზარიანცმა მას 500 ოქრო შესთავაზა, მაგრამ მეწაღის  დაყოლიება ვერ შეძლო. საბოლოოდ უცნაური მეზობლის სიჯიუტეს აზარიანცის შენობის ნაწილი შეეწირა. არქიტექტორი იძულებული გახდა, კედლის მომრგვალებული ფორმა სწორხაზოვანით შეეცვალა.  სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე აშენდა და ამიტომ რამდენიმე დონე ჰქონდა. დამატებით სირთულეებს აშენების პროცესში მიწისქვეშა წყლები ქმნიდა. მშენებლობისას  პირველად გამოიყენეს კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგია: შენობის საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში მოაქციეს,  რამაც იგი მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა  და სიმყარე შემატა. გავრცელებული ცნობის თანახმად, სახლს დამატებით ოთხსართულიანი სარდაფი ჰქონდა. კედლები საგანგებოდ გამომწვარი აგურით აშენდა. საინტერესოა სახლის უკანა მხარეც, რომელიც თბილისური ტრადიციული ხის აივნებითაა შემკული. ამასთან, თავად ხის კვეთილობის ნახატი მოდერნის სტილს ექვემდებარება, რაც უნიკალურობას სძენს ისტორიულ ძეგლს.



როგორც ავღნიშნეთ   იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა საკუთარი წყლის სისტემა და შესაბამის გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული, როდესაც  მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა  უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა, მაგრამ საჭირო გახდა ალტერნატიული წყაროს მოძიება.




მილიონერმა დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან. სახლი საბოლოოდ ღვინით აშენდა. ამით მან მთავრობასაც გასცა საკადრისი პასუხი და გლეხებიც ასარგებლა.


ყველაზე საინტერესო შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბებია, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, მისი არსებობა მფლობელის გარდა არავინ იცოდა.არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. განსხვავებით სხვა მილიონრებისაგან , რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ  სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული ვერის სასაფლაოზე.
ასეთია ყველასათვის ნაცნობი სახლის უცნობი ისტორია.

No comments:

Post a Comment